შრომის უსაფრთხოების სტანდარტი
სამუშაო ადგილზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საქართველოში წლების მანძილზე უდიდეს გამოწვევად რჩება.
ხშირად გაგვიგონია ტელევიზორში შემთხვევები, როდესაც ხელოსანი ვარდება მშენებარე კორპუსიდან, მეშახტეები ზიანდებიან შახტაში და ა.შ. ზოგიერთი შემთხვევები ფატალურად სრულდებოდა, რამაც განაპირობა შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვა და ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრება.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1 სექტემბრიდან “შრომის უსაფრთხოების შესახებ” დადგენილი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ, მძიმე, მავნე, საშიშპირობებიან და მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოს მქონე ორგანიზაეციებზე, არამედ, ყველა კერძო და საჯარო დამსაქმებელზე, მათ შორის ფიზიკურ პირებზეც.
რა არის შრომის უსაფრთხოება?
კანონის თანახმად შრომის უსაფრთხოება არის “დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემა, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს.”
სამუშაო სივრცე ეს არის ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს.
რა ევალებათ დამსაქმებლებს?
დამსაქმებლის მოვალეობებში შედის შრომის უსაფრთხოების ღონისძიების მართვა და დანერგვა, რათა შეიქმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, მათ შორის, იგი ვალდებულია:
ა) დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები;
ბ) იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს;
გ) უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;
დ) აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, პროფესიული დაავადებების შემთხვევები და საშიში შემთხვევები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს;
ე) უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად;
ვ) რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით:
ვ.ა) შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და მოახდინოს მისი დოკუმენტირება;
ვ.ბ) უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოს ისინი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს შემდეგი ფაქტორები:
ზ.ა) ფიზიკური ფაქტორები (მათ შორის, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება, არამაიონებელი გამოსხივება, მაიონებელი გამოსხივება, საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, ვიბრაცია, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლები (მტვერი), განათება, აეროიონები, ელექტროძაბვა);
ზ.ბ) ქიმიური ფაქტორები (მათ შორის, ქიმიური სინთეზით მიღებული, ბიოლოგიური ბუნების მქონე ზოგიერთი ნივთიერება (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები) ან/და ნივთიერებები, რომელთა კონტროლისათვის ქიმიური ანალიზის და დეტექციის მეთოდები გამოიყენება);
ზ.გ) ბიოლოგიური ფაქტორები (მათ შორის, ვირუსები, ცოცხალი უჯრედები და სპორები, პათოგენური მიკროორგანიზმები, პრეპარატებში შემავალი მიკროორგანიზმები − პროდუცენტები).
სხვა ვალდებულებები განისაზღვრება კანონში.
შრომის უსაფრთხოების სამსახური
დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა და გააჩნია სერტიფიკატი.
თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
როგორია პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის?
შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციებამდე აუცილებლად მოხდება დამსაქმებლის გაფრთხილება, ხოლო ამ გაფრთხილების შემდგომ, თუ დამსაქმებელი არ გამოასწორებს ხარვეზებს, იგი დაჯარიმდება, კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლებში.